ევთანაზიის რაობა



ჰოლანდიის პარლამენტის დეფინიცია: „ევთანაზია ეწოდება ყოველ ქმედებას, რომელიც მიმართულია ამა თუ იმ პირის სიცოცხლის მისივე სურვილით შეწყვეტისაკენ და სრულდება არადაინტერესებული პირის მიერ.“ ვფიქრობ ამ განმარტების არცერთი სიტყვის კრიტიკის და შეძრწუნების გარეშე მიღება შეუძლებელია. „ყოველი ქმედება“ – სრულებით დაუკონკრეტებელია და ამავდროულად გამორიცხავს უმოქმედობას (უკანასკნელი კი ე.წ. „პასიური ევთანაზიის“ საფუძველია). „ამა თუ იმ პირის“ მისივე სურვილით მოკვდინებაზე საუბრისას დეფინიციაში არ ფიგურირებს, რომ პირი არის პაციენტი (ავადმყოფი, რომელმაც მიმართა ექიმს), რომ მისი სენი არა თუ უკურნებელი (Status incurabilis) და არაოპერირებადია (Status inoperabelis), არამედ მძიმე ფიზიკური ტანჯვის მომტანია, დაავადება კი ტერმინალურ ფაზაშია. მეტად საინტერესოა „არადაინტერესებული პირის“ ფიგურა, რომელიც ქონებრივი ინტერესების მქონე (მემკვიდრეობის ან დაზღვევის თანხის მიღების სურვილით ანთებული) პირის ამგვარი „ქმედებისაგან“ ჩამოშორების მიზნით გაკეთებულს წააგავს, თორემ ავადმყოფის მდგომარეობის შემსუბუქებით უდაოა ყველა ერთნაირად უნდა იყოს დაინტერესებული, სამედიცინო პერსონალი კი ამ შემთხვევაში ნახსენებიც არ არის.
ამრიგად, ევთანაზიის ხსენებული განსაზღვრებით, „ესა თუ ის პირი“, სულაც არ არის აუცილებელი რომ ავად იყოს, საკმარისია, რომ ჰქონდეს სიკვდილის სურვილი და ამაზე „არადაინტერესებული პირი“ დაითანხმოს.
გადავიდეთ 1980 წლის 5 მაისს სარწმუნოების სწავლების კონგრეგაციის მიერ მიღებული დოკუმენტის: „დეკლარაცია ევთანაზიის შესახებ“ განხილვაზე. „...ევთანაზია გულისხმობს ყოველ ქმედებას ან უმოქმედობას, რომელიც თავისი არსით და განზრახვით იწვევს სიკვდილს, რომლის მიზანიც ტკივილისა და ტანჯვის თავიდან აცილებაა“.
ევთანაზიის ეს განსაზღვრება მართალია, შეიცავს ე.წ. პასიურ ევთანაზიას (უმოქმედობით გამოწვეულ მოკვდინებას), მაგრამ მასში არ არის ასახული დიაგნოზი, პიროვნების შეურაცხადობა, მისი და ახლობლების ნება, ხოლო ტკივილის გამო ავადმყოფის მოკვდინების საკითხის დასმა თანამედროვე ფარმაკოლოგიური არსენალის პირობებში კი ცოტა არ იყოს გაუგებარია. ფრანგი მეცნიერის, მედიცინის დოქტორის ჟაკ სუდოს კომენტარი ევთანაზიის ამ განმარტებაზე ასეთია: „თავისი პირდაპირი მნიშვნელობით ევთანაზია არის წინასწარგანზრახული მკვლელობა“ (! – ვ.ა.), იმ მეთოდის მეშვეობით, რომელიც ყველაზე ნაკლებ ტკივილსა და ტანჯვას იწვევს და სრულდება „სიბრალულის გამო ადამიანის მიმართ, რომლის აუტანელ ტანჯვასა და ცხოვრებისეულ სირთულეებს უდა მოეღოს ბოლო, რომელთა ღირსიც თვით ის ადამიანი არ არის.“ მეცნიერის აზრით, ტერმინოლოგიური აბრაკადაბრა ევთანაზიის მომხრეთა მიერ ხელოვნურად არის პროვოცირებული, რათა ტერმინები „ვაცალოთ სიკვდილი“ (პასიური ევთანაზია) და „დავეხმაროთ სიკვდილში” (აქტიური ანუ ჭეშმარიტი ევთანაზია) ერთმანეთთან გაიგივებული ყოფილიყო.
გვახსენდება ფსევდოჰუმანიზმის ესა თუ ის გამოვლინება; მაგ.: 1977 წლიდან სიკვდილმისჯილთათვის აღსრულების მე-თოდად აშშ-ს 37 შტატში მიღებულია სასიკვდილო ინტრავენური ინიექცია (Lethal injection), ხოლო გლობალურ ტელეტრანსლიაციებში (Animal Planet) მაწანწალა კატებისა და ძაღლების სიცოცხლის გადასარჩენად მიღებულ ღონისძიებათა წარუმატებელი შემთხვევების შემდგომ ასეთი კომენტარი ჟღერს: „ჩვენ იძულებული ვიყავით ცხოველი დაგვეძინებინა“.
ჩვენი აზრით, სისასტიკე ნაკლებად საშიშია, ვიდრე ფსევდოჰუმანიზმი, ზუსტად იმდენად, რამდენადაც მტკნარ ტყუილს ნაკლები ვნების მოტანა შეუძლია, ვიდრე სიმართლით „შეზავებულს“ – ნახევრად სიმართლე ხომ უფრო ადვილად დასაჯერებელია.
ევთანაზიის განსაზღვრება არ იქნება სრული, თუ არ განვიხილავთ შემდეგ საკითხებს:
1. უკურნებული სენის ცნება და მისი რელატივისტური არსი;
2. „სიბრალულის გრძნობა“, მისი ბუნება და ინტერპრეტაციები;
3. იურიდიული „ვირაჟები“;
4. „სიკვდილის უფლება“ – არსებობს კი ის, ან ვინ განიჭებს მას?

No comments:

Post a Comment