სიცოცხლის თუ სიკვდილის უფლება


ადამიანის უფლებათაგან უპირველესი სიცოცხლის უფლებაა, მაგრამ ევთანაზიის აპოლოგეტები ადამიანის პრეროგატივებს სიკვდილის უფლებასაც მიაკუთვნებენ, რომლის გამოყენების საკითხი ჭეშმარიტად ადამიანისათვის ღირსეული არსებობის (კონტაქტისა და ურთიერთობის პირობებში) შეწყვეტისას წამოიჭრება. ამგვარი ლოგიკით, კინოსა და ესტრადის ცნობილ მოღვაწეს კარაჩენცევს მეუღლის მხარდაჭერისა და თანადგომის ნაცვლად სასიკვდილო ინიექცია უნდა ჰქონოდა გაკეთებული, ხოლო ჰოლივუდელი „სუპერმენის“ განმასახიერებელ ვარსკვლავს არ უნდა ჰქონოდა „არაადამიანურ პირობებში“ არსებობის იმედი.
გასართობთა და დროის გაყვანის ძებნაში „ცოცხალთა სამყაროსათვის” სიკვდილი „არაკომფორტული თემაა“, უხერხულია, იქ ხომ საკუთარი პერსპექტივის ხილვაცაა შესაძლებელი, რაც ამაოდ აქცევს ყოველდღიურობას, გართობით კომუფლაჟირებას კი შეუძლებელს ხდის.
ათი მცნებისათვის – არა კაც ჰკლა – უცხოა „შემამსუბუქებელი“ გარემოებანი (დამნაშავეთა სიკვდილით დასჯა, თავდაცვა და ახლობლის დაცვა, სამშობლოს სამართლიან ომში დაცვა – რასაკვირველია ცალკე თემებია). ევთანაზია კი ამ კანონის პირდაპირი დარღვევაა ისევე, როგორც უდანაშაულო ადამიანის – სულ ერთია ემბრიონის თუ ნაყოფის სტადიაში, ბავშვის, მოზრდილის, ხნიერის, უკურნებელი სენით შეპყრობილისა თუ მომაკვდავის მოკვდინება. განა რაც შესაძლებელია, ყველაფერი დასაშვებია? მაგ.: რომის პაპის პია XII-ის მიერ დამტკიცებული დეკლარაციით დასაშვებია პაციენტის თანხმობით როგორც ანალგეტიკების, ასევე ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება, თუ ცნობიერების მქონე პირის აზრით მან თავისი მორალური ვალი ოჯახისა და რელიგიის მიმართ აღასრულა. მინდა დავეთანხმო დოქტორ ჟ. სუდოს, „საჭიროა სიცოცხლე თვით სიკვდილამდე მივაცილოთ“, რათა მომაკვდავმა თავი ეულად არ იგრძნოს. ჩემის აზრით, სიცოცხლის მიწურულს ასეთი პაციენტები ისეთივე მოვლას საჭიროებენ, როგორც კეთილსაიმედო პროგნოზის მქონენი, ოღონდ მეტი ყურადღებით, თანაგრძნობითა და ადამიანური სითბოთი. მათი დრამა ხომ იმაში მდგომარეობს, რომ თავს არამარტო ექიმისაგან, არამედ ნათესავებისაგან მიტოვებულად გრძნობენ. საბედნიეროდ, ამგვარი კონცეფციის გზას მსოფლიოს მრავალი სამედიცინო დაწესებულება ადგას, რაც იმედის მომცემია.

No comments:

Post a Comment