იურისტთა დამოკიდებულება ამ ფაქტისადმი

ირაკლი დვალიძე (იურისტი): “რომში 1950 წლის 4 ნოემბერს მიღებული კონვენციის მეორე მუხლი პირდაპირ გვეუბნება, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. ამ საკითხზე ყველაზე დიდი დავაა, თუ რას ნიშნავს სიცოცხლის უფლება. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ბუნებითი უფლება, რომელიც სახელმწიფოს მიერ არ არის მოცემული, ანუ თანდაყოლილია. დილემა სწორედ ამაშია, რომ თუკი ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება, ასევე გააჩნია სხვა უფლებები, როგორიცაა ღირსებისა და პატივის უფლება. აქ არის კოლიზიური ვითარება. ადამიანს უფლება აქვს იცხოვროს ისეთ გარემოში, რომელიც მისი პატივისა და ღირსების შემლახველი არ იქნება. სახელმწიფო ადამიანს ევთანაზიის უფლებას არ აძლევს, რომელიც ტკბილ, უშფოთველ სიკვდილს ნიშნავს. თუკი სახელმწიფოს არ მოუცია ჩემთვის სიცოცხლის უფლება, მაშინ რა უფლება აქვს მას შეზღუდოს სიცოცხლის შეჩერების უფლება. ანუ, გამოდის, რომ სახელმწიფოსიცოცხლის მოვალეობას მაკისრებს”, მაგრამ რა უფლება აქვს სახელმწიფოს დააწესოს სიცოცხლის მოვალეობა, როდესაც ეს უფლება მისი დადგენილი არ არის, ეს არის ბუნებითი უფლება.
სხვათა შორის, სტრასბურგში ევთანაზიის საკითხზე რამდენიმე საქმე განიხილებოდა და სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში არ ჩანს, უნდა ჰქონდეს თუ არა ევთანაზიის უფლება კონკრეტულ პიროვნებას. ეს საკითხი სტრასბურგის სასამართლომ ღიად დატოვა და თქვა, რომ ყველა სახელმწიფომ თავისი შეხედულებიდან გამომდინარე კანონმდებლობაში უნდა ჩადოს, აქვს თუ არა უფლება მოქალაქეს სიცოცხლე ხელოვნური გზით შეიმოკლოს, იმიტომ რომ ეს არის ფილოსოფიური, რელიგიური და წმინდა სამართლებრივი პრობლემა.
საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა და ამიტომ რაც არ უნდა იყოს, არც ერთი მოტივით არ შეიძლება თვითმკვლელობა. ბუნებრივია, რელიგიური კუთხით ღვთისგან ნაბოძები სიცოცხლე არ შეიძლება ადამიანმა ხელოვნურად შეაჩეროს.
თუ წმინდა სამართლებრივად დადგება საკითხი, შეიძლება ევთანაზია ბოროტად გამოიყენონ, განსაკუთრებით უმწეობაში მყოფი პირების მიმართ. საერთოდ, ევთანაზია გაცილებით ფართო ცნებაა და ეს მარტო საავადმყოფოებში არ შეიძლება განხორციელდეს. მაგალითად, როდესაც დაჭრილია ჯარისკაცი და მისი გადარჩენის შანსი არ არის და შეიძლება ტყვედ ჩავარდეს, აქვს თუ არა მეგობარს უფლება მას სიცოცხლე მოუსწრაფოს? პრობლემატურია, რომ ამ უფლების ბოროტად გამოყენება არ მოხდეს.
საბჭოთა კავშირის დროს კანონდებლობაში იყო ასეთი შენიშვნა, რომ თუკი ასეთი მძიმე ვითარება ჰქონდა პიროვნებას, იგი პასუხისგებისგან უნდა გათავისუფლებულიყო, ანუ მკვლელობისთვის სასჯელი არ ეკისრებოდა. ეს უფლება ძალიან ბევრმა ბოროტად გამოიყენა, რის გამოც შემდეგ გაუქმდა.
ევთანაზია შეიძლება იყოს ნებაყოფლობითი, იძულებითი, პირდაპირი, არაპირდაპირი, მაგრამ ყველაზე მთავარია პასიური და აქტიური ევთანაზია.
პასიური ევთანაზია გულისხმობს, რომ ჩვენ ხელოვნურად კი არ ვერევით სიცოცხლის შეჩერებაში, არამედ უბრალოდ, უკანასკნელ ტერმინალურ სტადიაზე მყოფი პაციენტის მკურნალობას აღარ ვაგრძელებთ. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ავადმყოფისთვის მედიკამენტების მიწოდება აღარ ხდება.
როდესაც პიროვნება სუნთქვით აპარატზეა მიერთებული და გამორთავ აპარატს, რადგან მისი გადარჩენის შანსი აღარ არსებობს, ამას პასიური ევთანაზია ჰქვია. პასიური ევთანაზია შეუძლია თვითონ პიროვნებას, თუ ის საღ გონებაზეა და თქვას, რომ დაანებეთ ჩემს მკურნალობას თავი. ამას ამბობსპაციენტთა უფლებების შესახებკანონის 24- მუხლი.
რაც შეეხება აქტიურ ევთანაზიას, ეს დასჯადია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110- მუხლით, თუმცა ეს შემამსუბუქებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობად ითვლება”.

 პროფესორ იური გაბუნიას აზრით:
- იურიდიულ დოქტრინაში განასხვავებენ იძულებით და ნებაყოფლობით ევთანაზიას, იძულებით ევთანაზიაზე არ ვისაუბრებ, რადგან ჩემი (და არა მარტო ჩემი) აზრით, მიუღებელია და მასზე კამათიც კი დაუშვებლად მიმაჩნია (იძულებითი ევთანაზიის კლასიკური მაგალითია ფაშისტურ გერმანიაში ებრაელების ხოცვის ფაქტი). რაც შეეხება ნებაყოფლობით ევთანაზიას, დაშვებული უნდა იყოს, რადგან ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება თვითონ გადაწყვიტოს იცოცხლოს თუ არა, თვითონ ინდივიდმა უნდა გადაწყვიტოს უღირს თუ არა მას სიცოცხლე სხვადასხვა მიზეზის გამო. ევთანაზიის მიზეზი შეიძლება იყოს დაავადება, განუკურნებელი სენი ან ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს. თუმცა, ქართული სისხლის სამართლის შემოქმედნი ასე არ თვლიან და ადამიანს არ აძლევენ უფლებას სხვა პირის მეშვეობით მოისწრაფოს სიცოცხლე, მიუხედავად მისი მდგომარეობისა და პირს, რომელიც ევთანაზიას განახორციელებს, შედარებით მსუბუქი, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდი სასჯელი ელის. იმისთვის, რომ ქმედება ევთანაზიად დაკვალიფიცირდეს, თხოვნის გარდა, სხვა პირობებიც უნდა არსებობდეს, მაგალითად, მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლების მიზანი, რაც, ჩემი აზრით, მიუღებელია, რადგან ადამიანი შეიძლება სულიერი ტკივილისაგან უფრო მეტად დაიტანჯოს, ვიდრე ფიზიკური ტკივილისაგან და ამ შემთხვევაშიც პირს უნდა ჰქონდეს ევთანაზიის უფლება.

No comments:

Post a Comment